თბილისში ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა [ფოტო]
თბილისში ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა [ფოტო]

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილია 28; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად; ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ათ სატრანსპორტო დერეფანზე გადანაწილდება, რომლითაც დაიწყება კომპანია „სისტრას“ მიერ შემუშავებული ახალი სამარშრუტო სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შეისყიდა და ექსპლუატაციაში გაუშვა: 143 ერთეული MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი; 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი; 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი.

2021 წელს, ასევე დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენა.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შესყიდულია 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, ევრო 5 ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი.

მერიის ცნობით, აღნიშნული მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები. მძღოლისა და მგზავრების ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები. აღნიშნული მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე.