თბილისის მერია „გოცირიძის“, „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის მერია „გოცირიძის“, „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა და ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, დაწყებულია ვაგონების განახლება-რეაბილიტაციის პროგრამა.

„ვაგონები, რომელთა რეაბილიტაციაც არის შესაძლებელი, უკვე ჩაშვებული გვაქვს და წლის ბოლოსთვის უკვე ახალი, განახლებული შემადგენლობები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. თუმცა არის გარკვეული რაოდენობა შემადგენლობის, რომელსაც ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული და გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია.

გარდა ამისა, ვმუშაობთ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაახლოებით 40-50 წელია, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა მეტროსადგურებზე. იმ დღიდან, რაც გაიხსნა, კოსმეტიკური სამუშაოები შეიძლება ჩატარდა, მაგრამ მთლიანად განახლების სამუშაოები არ ჩატარებულა.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება უკვე დაწყებულია, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი. რაც შეეხება „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა უკვე სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები წარმოადგინეს და ნოემბრისთვის უნდა ჩაგვაბარონ სრული პროექტი. ამის შემდეგ, უკვე გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების განხორციელებაზე“, – აცხადებს კახა კალაძე.

კალაძე აცხადებს, რომ თბილისში ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით მოხდება.

„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, სადაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 10 მეტროსადგურის – „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“ „წერეთლის გამზირი“, „ნაძალადევის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოგვიყოფს თანხებს, რომ ეს სამუშაოები ვაწარმოოთ და ჩავატაროთ რეაბილიტაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე გვექნება უკვე პროექტები და შევძლებთ უკვე სამუშაოებზე უშუალოდ ტენდერის გამოცხადებას, რათა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ეს პრობლემა მოგვარებული“, – აცხადებს კახა კალაძე.