თბილისში ახალი საფეხბურთო აკადემია დაფუძნდა - „ზესტაფონი“ ბავშვებს თბილისშიც გაზრდის
„ზესტაფონი“ თბილისში ჭაბუკთა აკადემიას აყალიბებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„2020 წლის მარტიდან ფუნქციონირებას იწყებს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ აკადემია. კლუბის მენეჯმენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის შესახებ“ – წერია „ზესტაფონის”: განცხადებაში.
კლუბის ცნობით, სავარჯიშო პროცესი წარიმართება საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე, სწორედ იმ მინდვრებზე, სადაც სისტემატურად საქართველოს ეროვნული ნაკრები და ეროვნული ლიგის კლუბები ვარჯიშობენ.
„ზესტაფონი“ საქართველოში მეორე საფეხბურთო კლუბია, რომელმაც საქმიანობა საკუთარი ქალაქის მიღმა წამოიწყო – პირველად სხვა ქალაქში აკადემია თბილისის „დინამომ“ დააფუძნა – მარტვილში, სადაც აკადემიამ ჯესი სურმავას ხელმძღვანელობით ბევრი საინტერესო ბავშვი აღმოაჩინა.