თბილისსა და კასპში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება
თბილისსა და კასპში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება

საინვესტიციო ჰოლდინგი „საქართველოს კაპიტალი“ საქართველოში ქარის ორი ელექტროსადგურის მშენებლობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

კომპანია ქარის ტურბინებს თბილისსა და კასპში განათავსებს. თბილისში 57 მგვტ სიმძლავრის, კასპში კი 54 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარება მოხდება.

კომპანიამ 2018 წლის წლიურ ანგარიშში დაადასტურა უკვე გაჟღერებული გეგმა, რომლის მიხედვით, ახალი სადგურები ექსპლუატაციაში 2020 წლის მეორე ნახევარში შევა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს სულ ხუთი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება და ჯამში 300 მგვტ სიმძლავრე შეემატება ელექტროსისტემას.

თბილისისა და კასპის გარდა, სადგურები აშენდება: იმერეთში (100 მგვტ), რიკოთი-ფონას ტერიტორიაზე (20 მგვტ) და გორთან, სოფელ ნიგოზაში (50 მგვტ).

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისათვის მხოლოდ ქართლის ქარის ელექტროსადგური ოპერირებს. მთავრობა 20 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის გასხვისებას განიხილავს.