თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი – 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული ვ.ნ. და ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს.

თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარების მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები მომხდარიდან ორ დღეში დააკავა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი პირველ დეკემბერს, გვიან ღამით დააყაჩაღეს.

დატოვე კომენტარი