თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არასრულწლოვანია
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არასრულწლოვანია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას ინფორმაციით, კლინიკაში 25 პაციენტისთვის ჩატარებული ტესტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.

როგორც მარეხ ბექაიამ განმარტა, ახალი პაციენტი 14 წლის მოზარდია, რომლის ოჯახის წევრსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი. მისივე ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.

„კლინიკაში იმყოფება ამ დროისთვის 40 პაციენტი. გუშინ ჩატარდა 25 კვლევა. აქედან ერთი არის დადებითი პასუხი კორონავირუსზე, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ეს ერთი პაციენტი გადავა საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი პაციენტები გადანაწილდებიან პროფილების მიხედვით. ეს ერთი ადამიანი არის 14 წლის ბავშვი. მისი ოჯახის ერთ წევრს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი და ის უკვე გადაყვანილია საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.

​თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 25 ჩატარებულ ტესტს შორის არის კლინიკის თანამშრომლებზე ჩატარებული კვლელვებიც და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.