თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 58 ტესტის პასუხებიდან ყველა უარყოფითია
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 58 ტესტის პასუხებიდან ყველა უარყოფითია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ​ განაცხადა, 58 ტესტის პასუხებიდან ყველა უარყოფითია.

„ამჟამად კლინიკაში წევს 46 პაციენტი. გუშინ კვლევაზე 58 ანალიზი იყო გაგზავნილი. აქედან რვა წინა დღის დაგვიანებული კვლევა იყო და პასუხი არ გვქონდა. 23 თანამშრომელზე იყო აღებული კვლევა, დანარჩენი პაციენტებზე. ყველა უარყოფითია, მათ შორის პერსონალისაც. 20 პაციენტიდან ნაწილი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, ნაწილი პროფილურ კლინიკებში. ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტი რჩება“, – აღნიშნა მარეხი ბექაიამ​.

მისი თქმით, არის რეკომენდაცია, რომ 14 დღეში ერთხელ ჩატარდეს მედპერსონალზე კვლევა. თუმცა, ბექაიას განმარტებით, ამ ეტაპზე გამოკვლეული 23 თანამშრომელი მედპერსონალის ის ნაწილია, რომლებიც კლინიკაში ყოველდღიურად მოძრაობენ.

„14-დღიანი მორიგეობა 30 აპრილს დამთავრდება და 30 აპრილს აიღება ტესტები მორიგე პერსონალზე. თუ ვინმესთან არის კლინიკური გამოვლინება ან სიცხეები, იმას ვიკვლევთ დროთა განმავლობაში, მაგრამ ამ ეტაპზე არც ერთ მორიგე პერსონალთან მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. არც ერთ პასუხს არ ველოდებით, უკვე ყველა პასუხი მიღებულია. ახალი მიღებული პაციენტების კვლევის აღება დაწყებულია. ახალ პაციენტებს შორის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ან მძღოლი არ არის. ტესტების აღება 14:00 საათიდან იწყება. რამდენი პაციენტიც ამ დრომდე იქნება შემოსული, ყველასთან ერთდროულად აიღება“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების შესრულებისკენ.

თვითიზოლაციას ლამის ყოველ დღე ვიმეორებ და დავამატებ ერთს, რომ მე და ჩვენ, ყველანი გიცავთ თქვენ ჩვენგან, რადგან გვიკეთია ნიღაბი და გაიკეთეთ თქვენც, რათა ჩვენ დაგვიცვათ“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.