თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალ კორონავირუსზე გუშინ 32 პირის სინჯი გამოიკვლიეს, საიდანაც „კოვიდ-19“ ერთს დაუდასტურდა, – ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, მარეხ ბექაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტი ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება და ის მცხეთის პირველ სამედიცინო ცენტრში არის გადაყვანილი.

„ჩვენს კლინიკაში გუშინწინ საღამოს მოიყვანეს ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. პაციენტი საკარანტინო ზონიდან იყო. გუშინ დადასტურდა „კოვიდ-19“. ის გადაყვანილია მცხეთის პირველ სამედიცინო ცენტრში“, – განაცხადა ბექაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 31 პაციენტი იმყოფება. აქედან 23-ს იკვლევენ.

„გუშინ 32 კვლევა იყო გაგზავნილი, მათგან ოთხი თანამშრომლის და 28 პაციენტის. 28-დან ერთი დადასტურებული შემთხვევაა. კლინიკაში მომართვიანობა ისევ მაღალია, მათ შორის ცხელებითაც. ჰოსპიტალი ამჟამად პროფილური კლინიკის სტატუსით მუშაობს. მას აქვს ორი ფლიგელი. ერთ მხარეს ვიღებთ სხვადასხვა ნოზოლოგიას და მეორე ფლიგელი არის ცხელებიანი პაციენტებისთვის“, – აღნიშნა მარეხ ბექაიამ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, აღენიშნებოდა ცხელება, თავის ტკივილი და ზოგადი სიზუსტე.

„პაციენტს სამ დღიანი ცხელების ანამნეზი ჰქონდა. პნევმონია არ დადასტურებულა. მისი ოჯახიდან ინფექცია დედამთილსა და მამამთილს აქვთ დადასტურებული. ეს ქალბატონი მათთან ერთად ცხოვრობდა. დედამთილი და მამამთილი მკურნალობენ, ოჯახის დანარჩენი წევრები კარანტინის სივრცეში იმყოფებიან“, – აღნიშნა მარეხ ბექაიამ.

რაც შეეხება თბილისის ზღვის ჰოსპიტლის სხვა პაციენტებს, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის განცხადებით, 31 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, თავიანთი სომატური დაავადების გამო.

„ერთი იშემიური ინსულტით, მეორე სეპტიური შოკით არის მოთავსებული. მათთან „კოვიდი“ გამოირიცხა. დანარჩენი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მარეხ ბექაიამ.