თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ თავდამსხმელებმა კლინიკაში გაისროლეს და თანხა წაიღეს [ფოტო]
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, რომელიც გამთენიისას დააყაჩაღეს, აცხადებენ, რომ თავდამსხმელებმა კლინიკაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და თანხა წაიღეს.
საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომ თავდამსხმელი იყო ორი. მათ კარზე შუშა ჩაამტვრიეს.
„როგორც დაცვამ მითხრა, კარში ცეცხლსასროლი იარაღი შემოყვეს, ფული მოგვეციო. ამ დროს დაცვამ წინააღმდეგობა გაუწია. იყო რამდენჯერმე უმისამართო გასროლა. ერთი ტყვია კონდიციონერს მოხვდა, ერთი ჭერს, ერთიც ოთახის კედელს. შიგნით ოთახში თანამშრომელი იყო და საბედნიეროდ, ტყვიამ ვერ შეაღწია.
ერთ-ერთს ჰქონდა პისტოლეტის ტიპის იარაღი, მეორეს კი გრძელლულიანი, სანადირო ან ე.წ. აბრეზი. გაისროლეს ორივე იარაღიდან. ალბათ 30 წლის ასაკის მამაკაცები იქნებოდნენ. ორივეს ნიღბები ეკეთათ. ალბათ ყველაფერი ხუთ წუთს გაგრძელდა. როდესაც დაცვამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, შემოცვივდნენ, მაშინვე სალაროსთან მივიდნენ, ფული აიღეს და წავიდნენ“, – განაცხადა თვითმხილველმა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას.