თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საშუალო სიმძიმის არის
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საშუალო სიმძიმის არის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 14 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საშუალო სიმძიმის არის.

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კვლევაზე წაღებული 25 ნიმუშიდან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთზე, 14 წლის მოზარდის შემთხვევაში მიიღეს.

„კლინიკაში ამჟამად იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ ჩატარდა 25 კვლევა. 25-დან ერთი არის დადებით პასუხი, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ეს ერთი პაციენტი გადავა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი გადანაწილდება პროფილური კლინიკების მიხედვით. 25 პაციენტს შორის, რომლებზეც კვლევა ჩატარდა, არიან ჩვენი თანამშრომლებიც, რომლებიც, მოგეხსენებათ, 14-დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხი მოვიდა“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

მისივე თქმით, 14 წლის მოზარდის ოჯახის ორ წევრს ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ და ისინი დადასტურებული დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

„ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით. დღეს გადავა ოჯახის მესამე წევრი, 14 წლის ბავშვი. მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.