თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 49 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:19, 10.04.2020

თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან ახალ კორონავირუსზე 49 პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ განაცხადა, კლინიკაში ამ დროისთვის სულ 67 პაციენტი იმყოფება.

„49 სინჯი იქნა გუშინ გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში, ყველა პასუხი უარყოფითია. ამჟამად ხდება პაციენტების დისლოკაცია, შესაბამისი სტაციონარების მიხედვით. ეს პაციენტები გაეწერებიან და ახლები იქნება მიღებული. შესაბამისად, სხვებს ავუღებთ ანალიზებს“, – განაცხადა ბექაიამ.

ამასთან, მისი თქმით, რისკჯგუფებისთვის აგრესიული ტესტების ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა.

„რაც შეეხება აგრესიულ ტესტებს, აგრესიული ტესტების ჩატარება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის მისაღები და სწორი გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

 

მსგავსი