შემუშავდა თბილისის სატრანსპორტო მაკრომოდელი, რომელიც ურბანული დაგეგმარების მიდგომას ცვლის
დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო მაკრომოდელი შემუშავდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სიახლით მთლიანად იცვლება ურბანული დაგეგმარების მიდგომა, რადგან აქამდე რა მოდელიც გამოიყენებოდა, იმასთან შედარებით სრულყოფილი სტრატეგიული მოდელია.
„ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ყველა ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, მოსახლეობის გადაადგილების რეალურ ნაკადებს. სანამ კონკრეტული პროექტი დაიგეგმება, წინასწარ შეგვიძლია, დიდ სურათში, მასშტაბურად დავინახოთ, თუ როგორ იმოქმედებს ქალაქის ერთ წერტილში განსახორციელებელი ცვლილება მთლიან სატრანსპორტო ქსელზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აქამდე ნებისმიერი საგზაო-სატრანსპორტო იდეა წინასწარ მუშავდებოდა მიკრომოდელირების თანამედროვე პროგრამაში და ახლა უკვე მაკრომოდელშიც შესაძლებელია დატესტვა.
„ჩვენ შეგვიძლია, ვირტუალურად გამოვცადოთ ნებისმიერი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. მაკრომოდელირება წინასწარ გვაჩვენებს, რა გავლენას მოახდენს მოძრაობაზე ახალი ავტობუსის ზოლის დახაზვა, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, მიმართულების შეცვლა თუ ახალი საგზაო კავშირის დამატება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.