თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღეს ადვოკატები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ.
იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ დასკვნით სიტყვაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამამართლებელ გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაულის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარემ 9 თვის განმავლობაში ვერ წარადგინა. ცუცქირიძის თქმით, პირიქით, ბრალდების მტკიცებულებებით ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაული გამოირიცხა.
„სიცრუე აღმოჩნდა პროკურატურის მტკიცება, რომ ონისე ცხადაძე წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა. კადრებმა დაადასტურა, რომ ონისე ცხადაძე აქციაზე მარტო იმყოფებოდა, არავისთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენამ გაიყვანა, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო და 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა“, – აღნიშნა ცუცქრიძიემ.
ადვოკატის თქმით, საქმეზე არათუ 225-ე მუხლით ჯგუფური ძალადობით, არამედ არც სხვა მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისგან ონისე ცხადაძის ადვოკატმა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
„ჯგუფური ძალადობა აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია. ორგანიზებაში ბრალდებულებთან ონისეს არანაირი ნაცნობობა კავშირი არ ჰქონია, ოქროს მტკიცებულებაა საქმეში მთავარი გამომძიებლის ჩვენება, რომელიც მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ ორგანიზატორი გამოკვეთილი არაა, რომ ბრალდებულებს პირდაპირი კავშირი ერთმანეთთან და ორგანიზატორებთან არ უდგინდებათ.
ბრალდების მხარე ბრალის დადგენილებაში წერს, რომ სახეზე იყო სამოქმედო გეგმა. ვინმემ გაიგეთ, რა იყო სამოქმედო გეგმა, რომელსაც იცნობდა ონისე და იზიარებდა? ონისე ადგილზე მარტოა, არ აქვს სხვა მონაწილეებთან ვერბალური და სხვა კავშირი, გინებას, ძალადობის მუქარას, გაუპატიურების მუქარას იწყებს ერთი მხარე – ეს პოლიციაა, ჩანს ვიდეოშიც, რომელიც საქმეშია. სპონტანური მოქმედება გამოიწვია 28 ნოემბრის კობახიძის განცხადებამ. ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე, ადამიანები ერთადერთი მიზნით, ევროპული მომავლის დაცვისათვის გამოვიდნენ თვითდინებით და სპონტანურად.
როდესაც ორგანიზებული ჯგუფური მოქმედება არ დასტურდება 225-ე მუხლით, წარმოუდგენელია გამამტყუნებელი განაჩენი. ჯოხს ისროდაო სამართალდამცველების მიმართ და საფრთხეს უქმნიდა პოლიციელებსო, ეს წერია ბრალის დადგენილებაში. ბრალდება ამბობს, ონისეს მოქმედება ძალადობრივი იყო, რაც ჯოხის სროლაში გამოიხატება. სულ მცირე, ონისეს უნდა გამოეწვია იმგვარი საფრთხის შექმნა, რომ პოლიციელს განაცდევინებდა ტკივილს. ბრალდება საგნის გამოყენებით საფრთხის შექმნას ედავება. ორი დაზარალებული დაიკითხა აქ 29 ნოემბრის, მათ არ იციან, ვისგან მიიღეს დაზიანება, უთითებენ სხვა ქუჩას, სადაც მიიღეს დაზიანება. მათი ჩვენებები ონისესთან შემხებლობაში არაა. არაა დადგენილი საგანი რა იყო, ვიდეოთი უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც დაჭრილი, დამონტაჟებულია. ისეთი სახით წარმოადგინა რაკურსებიც, თავად განსაზღვრა ბრალდებამ, დადგენილი არ იყო საგნის რაობა და დაარქვეს, სავარაუდოდ, ბოთლისმაგვარი, სავარაუდოდ, ჯოხისმაგვარი.
გამამართლებელი განაჩენი უალტერნატივო გზაა. იმდენად დაუსაბუთებელია 225-ე მუხლი, დარწმუნებული ვარ, ამ მუხლით გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დააყენებთ. თუმცა პროპაგანდის შემდეგ, რაც ამ ბიჭების მიმართ თვეები ხორციელდებოდა, გაუჭირდება სასამართლოს სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და, შესაძლოა, კვალიფიკაცია შეცვალოს, თუმცა არც სხვა კვალიფიკაციით ბრალდებულების არანაირი დანაშაული არ დასტურდება“, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.