თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და რამდენიმე დაცვის თანამშრომელი.

ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის უკვე ცნობილი იყო.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს.

„კითხვები შეეხებოდა იმას, საიდან მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ორივე მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდებოდა და მოსამართლემაც დამისვა კითხვები, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა. განსაკუთრებით, იმ პერიოდში, ვიდრე ბრალდებულის დაკავება მოხდებოდა. ახლაც მაქსიმალურად შეზღუდული მაქვს თავისუფლად გადაადგილება, დაცვის გარეშე აკრძალული მაქვს მოძრაობა.

ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ჩემთვის კითხვა დაესვა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჩემთან კითხვა, გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით. პირველად ვნახე ასე პირადად, მანამდე ფოტოებზე მყავდა ნანახი.

ვერ ვიტყვი, ლიკვიდაციაზე ამზადებდა ინფორმაციას, თუ თვითონ უნდა შეესრულებინა ბოლოს ეს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება თვითონ იყოს ის, ვისაც ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. როცა პუტინიდან და კრემლიდან მოდის დაკვეთა, ეს ასე არ სრულდება. მე არ მაქვს ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

დაკავებულის ადვოკატის, ალექსი შაშიკელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ვასამბეგ ბოკოვის ბრალეულობა არ მტკიცდება.

„ახალი არაფერი თქმულა. რაც დღეს გაცხადებული იქნა სასამართლო პროცესზე, საქმის მასალებში წარმოდგენილია. დაცვის მხარის პოზიციით ნამდვილად არ დასტურდება ვასამბეგ ბოკოვის ბრალეულობა. ჩასატარებელია ალბათ ორი სამი პროცესი, სადაც უკვე ჩვენს მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარვადგენთ პოზიციას, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორი მაია სილაგაძე აცხადებს, რომ დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული გიორგი გაბუნია, დაიკითხნენ სხვა მოწმეებიც, მათ შორის ნიკა გვარამია. გიორგი გაბუნიამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც მას მიადგა. ნიკა გვარამიამ და მისმა დაცვის წევრებმაც სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ბრალდების მხარისთვის“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 27 ნოემბერს, გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნეს, ხოლო ვასამბეგ ბოკოვს სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, თვალთვალს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული არა ვასამგებ ბოკოვი, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მაგომედ გუციევია, რომელმაც ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.