თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნის ცემის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნის ცემის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა დაკავებული სამართალდამცველების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ბრალდების მხარე ასევე ითხოვს პატრულ-ინსპექტორებისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევას.

პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვენ.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები ჩვენებებში ადასტურებენ, რომ 23 იანვარს, მომხდარი ფაქტის დროს, მეტროპოლიტენში იმყოფებოდნენ, თუმცა ამბობენ, რომ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები პირები ისინი არ არიან. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ გარემოებების დაზუსტების შემთხვევაში, ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

სასამართლო სხდომას ესწრება დაზარალებული არასრულწლოვანი.

ცნობისთვის, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს ბრალი.