თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში გადაინიშნა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

სააპელაციო სასამართლოში მშვენიერაძის გადანიშვნის საკითხს მხარი საბჭოს ათმა წევრმა დაუჭირა.

ამ დროისთვის საბჭოში კენჭისყრა იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ.

კანონით, მათ აქვთ შესაძლებლობა, სასურველი პოზიცია კონკურსს გარეშე დაიკავონ. 60-მდე ვაკანსიაზე საერთო ჯამში 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი.

მოსამართლეებმა გასაუბრება რამდენიმე კვირის წინ გაიარეს, თუმცა კენჭისყრა დღეს მიმდინარეობს. აღნიშნულ კონკურსში, ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.

სააპელაციო სასამართლოში საქმიანობას ვასილ მშვენიერაძე სავარაუდოდ 2 დეკემბრიდან შეუდგება.

დატოვე კომენტარი