თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იმსჯელებენ
თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იმსჯელებენ

დედაქალაქის საკრებულოში დღეს სხდომაა ჩანიშნული. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება.

როგორც პირველ არხს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე საკრებულო თბილისის მთავრობას ინტერესთა გამოხატვის შესახებ თანხმობას მისცემს.

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ავტომობილების მიწისქვეშა სადგომების განთავსება ამ ეტაპზე გეგეშიძის სკვერის, სადგურის მოედნისა და ვარკეთილის მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე იგეგმება. ჯამში საუბარია 8 000 კვადრატულ ფართობსა და 715 საპარკინგე ადგილზე. პროექტის განხორციელება დედაქალაქში საცობების განმუხტვას ისახავს მიზნად.

„სიმბოლურ ფასად გადაეცემა აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორს ან ინვესტორტა ჯგუფს, რომლებიც შემდეგ მოაწყობენ მიწისქვეშა პარკინგებს. ინვესტორები, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე დიდ საბანკო გარანტიას, ტენდერში გაიმარჯვებენ. სულ 10 ლოკაციაა შერჩეული, ამ ეტაპზე სამზე ვართ შეჩერებულები. ეს იქნება მხოლოდ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა. ზედა ნაწილზე რა ზონაც იყო, იგივე შენარჩუნდება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საკრებულოს სხდომაზე მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ კითხვების დასმას აპირებს ოპოზიცია. ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი კითხვები ინვესტორთა შერჩევისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს შეეხება.

მისივე თქმით, კითხვები აქვს მეექვსე საბავშვო ბაღთან დაკავშირებით.

„ასევე, მნიშვნელოვანია საკითხები, რომელთაც ჩვენ დავაყენებთ. ეს ეხება მეექვსე ბაღს, რომელიც გაძარცვულია და ამაზე ვიღაცამ პასუხიმგებლობა უნდა აიღოს. ასევე, ეხება ე.წ. კაკლების უბანს, სადაც ხევი, ტყე დეველოპერებს ნაგავსაყრელად აქვთ ქცეული და ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არათუ რეაგირებს, მისამართსაც კი ვერ აგნებენ და შემდეგ ჩვენ გვირეკავენ, როგორ უნდა მიაგნონ ამ ადგილს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღების სააგენტომ მეექვსე საჯარო ბაგა-ბაღთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ბაღის შენობის დემონტაჟი იგეგმება და ამ ტერიტორიაზე ახალი, თანამედოვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი 2019 წელს გაიხსნება.