დედაქალაქის საკრებულოში სხდომა იმართება, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის – მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენელს, შეფასებებისგან თავი შეეკავებინა და დაესვა მხოლოდ შეკითხვები.
„სამართლიანია, რომ ამდენი კორუფციული სკანდალის მერე აქ იყოთ, მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში. მაგიტომ გინდათ, ივანიშვილის გულის საამებლად, რომ თქვენს მილიონებს და მილიარდებს დამატებითი მილიარდები და მილიონები შემატოთ“, – განაცხადა სხდომაზე ირაკლი ნადირაძემ.
„დაჯექი, ორიანი“, – მიმართა ირაკლი ნადირაძეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, საკრებულოს ნომერ პირველ ჯამბაზად წოდებული ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოცემულობა – ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იყო საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ასე იყო წოდებული, ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ. ასე რომ, მივცეთ საშუალება, გავერთოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.