თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ქართველი ფილოსოფოსის, შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ფილოსოფოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალებია წარმოდგენილი.

სპეციალურად გამოფენისთვის გორის სტალინის მუზეუმიდან ჩამოიტანეს შალვა ნუცუბიძის მიერ 1940 წელს რუსულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსნის მეოთხე სასიგნალო გამოცემა. გამოცემა ინახავს საბჭოთა ხელისუფლების ლიდერის ხელით მიწერილ ჩასწორებებს.

შალვა ნუცუბიძე 1888 წლის 14 დეკემბერს დაიბადა. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაც, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს. შალვა ნუცუბიძე აწარმოებდა ძირითად მოლაპარაკებებს რუსეთის მთავრობასთან უნივერსიტეტის გახსნის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

1919-1921 წლებში შალვა ნუცუბიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი იყო. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. დაპატიმრებული იყო ორჯერ,1921 და 1938-1940-იან წლებში.
შალვა ნუცუბიძე რუსთაველის პოემაში ავტორის ჰუმანისტურ მსოფლმხედველობას წლების განმავლობაში იკვლევდა. მისი დასაბუთებით, ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაა.