თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10:18, 18.11.2026

იუსტიციის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სასწავლო პროგრამების დანერგვა-განხორციელების მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ და თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ორი ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვას: მიწის სამართალი და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმები.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე იუსტიციის სამინისტროს მენტორებთან; მოეწყობა ერთობლივი სამუშაო სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და დისკუსიები აქტუალურ იურიდიულ საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, აგრეთვე, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება – სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნა.

მემორანდუმის მიზანია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური პროფესიონალების აღზრდა.

სამომავლოდ მხარეები პროგრამების თემატიკის გაფართოებას გეგმავენ. არსებულ პროგრამებს დაემატება კურსები ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტების შესახებ.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი