თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 101 წლის იუბილეს აღნიშნავს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 101 წლის იუბილეს აღნიშნავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 101 წლისაა. საიუბილეო ღონისძიებები უნივერსიტეტში დღეს სამეცნიერო სემინარით – „როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?“ გაიხსნა. კონფერენციის მიზანი დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხის წინა პლანზე წამოწევა და მათთვის ახალი, თანამედროვე ფუნქციის მინიჭებაა.

კონფერენციაზე საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად სპეციალური მოწვევით იტალიელი სპეციალისტები იმყოფებიან. შეხვედრას საქართველოში იტალიის ელჩი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე დ სტუდენტებიც დაესწრნენ.

„დიდი პატივია ღონისძიებაზე ყოფნა. წინა წელს ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ უნივერსიტეტთან. დღეს ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ჩვენს სემინარზე ვისაუბრებთ ძველ ქალაქებზე. როგორ შეიძლება ისინი ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით გახდნენ მოწინავეები. წარმოდგენილი იქნება მობილური აპლიკაცია, რომელიც ქალაქში არსებულ ნებისმიერ მნიშვნელოვან ძეგლზე ინფორმაციას მოგაწვდით. ქართველები ჩვენი ახლო პარტნიორები არიან და მივესალმებით მათთან ასეთი ტიპის თანამშრომლობას“, – განაცხადა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.

თსუ-ს იუბილეს აღსანიშნავად დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური ფოტომასალა. დღესვე მოეწყობა უნივერსიტეტის შესახებ წიგნის პრეზენტაცია, რომელზეც ერთდროულად 18-მა მწერალმა იმუშავა. საღამო საზეიმო კონცერტით დასრულდება.

უნივერსიტეტი ზუსტად 101 წლის წინ, 1918 წელს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ძველი გიმნაზიის შენობაში დაარსდა და ამავე წელს ეწოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის დაფუძნებაში მთავარი წვლილი ისტორიკოსსა და აკადემიკოსს ,ივანე ჯავახიშვილის მიუძღვის, სწორედ ამიტომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მის სახელს ატარებს.