თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საკუთარ კურსდამთავრებულებს გამოცდების საფასურს გადაუხდის
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საკუთარ კურსდამთავრებულებს გამოცდების საფასურს გადაუხდის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საკუთარ კურსდამთავრებულებს გამოცდების საფასურს გადაუხდის. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა.

რექტორის განცხადებით, რადგან გამოცდებზე ფასის დაწესების შესახებ ინფორმაცია კურსდამთავრებულებმა გამოცდების თარიღამდე 10 დღით ადრე მიიღეს, ამ ფინანსურ ტვირთს უნივერსიტეტი საკუთარ თავზე აიღებს და მიმართვის შემთხვევაში, საფასურს გადაიხდის.

„რა თქმა უნდა, პროტესტი მათი უფლებაა, ყველანაირ სიახლეს აქვს კრიტიკული მიდგომა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, როდესაც გადასახადი წესდება. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ განათლების მინისტრთან, შევედით წინადადებით, რაზეც ისინი წამოვიდნენ. გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ კურსდამთავრებულებს. პირველი, რაც გავაკეთეთ, გადასახადი განახევრდა და 80 ლარის ნაცვლად 40 ლარია. არ არის ქვეყანა, სადაც გამოცდები უფასოა. თუ დიდხანს შევინარჩუნებდით, კარგი იქნებოდა, თუმცა მოხდა ასე. ამიტომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მზად არის, თუ კურსდამთავრებულებისთვის მძიმე იქნება ამ თანხის გადახდა, მოგვმართონ და თანხის მეორე ნახევარსაც გადავიხდით“, – განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

სამედიცინო მიმართულების სტუდენტები და რეზიდენტურის სერტიფიკატის მაძიებლები მთავრობის მიერ 2 დეკემბერს გამოცემულ იმ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტურაში (საკვალიფიკაციო) ჩასაბარებელ გამოცდაზე გასვლა 80 ლარი, ხოლო რეზიდენტურის დამამთავრებელ (სასერთიფიკაციო) გამოცდაზე გასვლა 120 ლარი ეღირება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 4 დეკემბერს განაცხადეს, რომ გამოცდების საფასური განახევრდება.