თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კომპანია „ბენე ექსკლუზივის“ ტაქსები მოემსახურება, ტარიფი 30-დან 40 ლარამდე იქნება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დღეიდან კომპანია „ბენე ექსკლუზივის“ (Bene Exclusive) ტაქსები მოემსახურებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას ახალი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით, 30-დან 40 ლარამდე იქნება.
აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ეს ინფორმაცია კი მძღოლს ავტომატურად გადაეცემა ავტომობილში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე, გარდა ამისა ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება.
„ბენე ექსკლუზივმა“ გადაამზადა მძღოლები, რომლებიც მგზავრების გადაყვანას უსაფრთხოდ და კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფენ. წლის ბოლომდე განახლდება ასევე კომპანიის ავტოპარკი. Bene Exclusive ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც Bene Group-ის შვილობილი კომპანიაა. Bene Exclusive მომხარებელს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სთავაზობს.
Bene Group-ს საქართველოს გარდა წარმომადგენლობითი ოფისები უკრაინასა და ბელორუსიაში აქვს“,- აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სერვისის მიწოდებაზე ინტერესი ექვსმა კომპანიამ გამოხატა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Toyota Taxi 2012 წლიდან დღემდე ახორციელებდა.