თბილისის საბავშვო ბაღებში ზეიმების ტრადიციული ფორმატი ახალი, თავისუფალი სტილის ღონისძიებებით იცვლება
თბილისის საბავშვო ბაღებში ზეიმების ტრადიციული ფორმატი ახალი, თავისუფალი სტილის ღონისძიებებით იცვლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო ზეიმები განსხვავებული ფორმატით ტარდება.

ტრადიციული, კოსტიუმირებული წარმოდგენების ნაცვლად, ახალი ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მაგალითად, დადგმა, დრამატული თამაში, ექსკურსია, გამოფენა-პრეზენტაცია. არჩევანი აღმზრდელზეა იმის მიხედვით, თუ რა მასალა იქნა გავლილი და შესწავლილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, მიმდინარე ზეიმებზე ერთ-ერთი პოპულარული ფორმა არის აღმზრდელებისა და ბაღის სხვა პერსონალის მონაწილეობით კოსტიუმირებული წარმოდგენის გამართვა, რომელსაც ბავშვები მაყურებლის სტატუსით ესწრებიან, თუმცა თავადაც იღებენ მონაწილეობას აქტივობებში, საკუთარი სურვილის მიხედვით.

ფორმატის ცვლილებამ მშობლებში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განმარტებით, ზეიმების ფორმატის ცვლილება იუნისეფ-ის (UNICEF) რეკომენდაციებს ეფუძნება.

მისი თქმით, თავისუფალი ფორმატის დანერგვის რეკომენდაციას სულ უფრო მეტი საჯარო ბაღი ითვალისწინებს. კახა გვანცელაძის განმარტებით, იუნისეფ-ის რეკომენდაციები წერია გზამკვლევებში, რომლებიც გამოკრულია ყველა ბაგა-ბაღის სივრცეში და ხელმისაწვდომია მშობლებისთვისაც.

„ამ პოსტერზე მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორი უნდა იყოს ზეიმი ბავშვისთვის: ღონისძიების მთავარი დანიშნულებაა, რომ ბავშვი იყოს პოზიტიურ განწყობაზე და ის უნდა ფიქრობდეს, რომ აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც უყვარს, რაც უხარია, არ იღლება, არ ნერვიულობს, მასწავლებელი არ აძლევს საჯაროდ შენიშვნას იმისთვის, რომ ვთქვათ, ვერ აუწყო ფეხი ან ვერ დაიცვა ხაზი, რაც საბჭოთა მეთოდოლოგიაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ზეიმის მთავარი დანიშნულებაა, ის უნარები და ცოდნა, რაც ბავშვმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძინა, ღია ფორმატში გადმოსცეს“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ზეიმი იყოს ბავშვის ასაკის შესაბამისი და არ იყოს მაყურებლის მკაცრ შეფასებაზე გათვლილი. კახა გვანცელაძის განმარტებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ღონისძიებისთვის მზადების პროცესი, რადგან არც ეს ეტაპი უნდა იყოს დამთრგუნველი.

რაც შეეხება საახალწლო საჩუქრებს, ტენდერის შედეგად ბაგა-ბაღების სააგენტომ შეიძინა ქართული კომპანიის ნაწარმი, რაშიც 400 000 ლარი დაიხარჯა.