თბილისის საარქივო ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
თბილისის საარქივო ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის – „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912) – ჩვენებით დღეს გაიხსნა.

ეროვნული არქივის კინოდარბაზში 6, 7 და 8 ოქტომბერს საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყნის 80-მდე დოკუმენტურ, მხატვრულ, ანიმაციურ ფილმსა და კინოქრონიკას აჩვენებენ.

კინოფესტივალისთვის შერჩეული ფილმები 1895-1960-იან წლებში ძმებ ლუმიერების, ძმებ სკლადანოვსკების, იან კრიჟენეცკის, ვასილ ამაშუკელის, ჟორჟ მელიესის, აურელიო პაზ დორ რეისის, ლადო მუჯირის, ჟორჟ პალუს, ოქტავიან მილეტიჩის, ვიმ ვენდერსისა და სხვების მიერ არის გადაღებული.

კინოფესტივალის ქართველ და უცხოელ სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ მიმართეს და ფესტივალის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ატარებს და კინოფესტივალის წლევანდელი თემა ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტებია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნების – გერმანიის, იტალიის, აშშ-ის, ესპანეთის, მალტის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, ჩეხეთის, ხორვატიის, მოლდოვასა და საფრანგეთის – კინოარქივები, კინოთეკები და კინომუზეუმები, მათ ფონდებში დაცული უძველესი ფილმების პროგრამებს წარადგენენ.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. კინოფესტივალის პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

საქართველოს ეროვნული არქივი კინოფესტივალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ატარებს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს