თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის წევრი გახდა
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის წევრი გახდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (The Network of European Museum Organisations – NEMO) წევრი გახდა.

NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 000-ზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვირეობის დაცვასა და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს.

საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, NEMO კონცენტრირებულია ექვს სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომლებიც ეხმარება მუზეუმებს სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაში; ესენია: საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, საკოლექციო ღირებულებები, ასევე პროფესიული განვითარება და მუზეუმების გაციფრულება.

ორგანიზაციაში გაერთიანების პარალელურად, თბილისის მუზეუმების გაერთიანება სწორედ გაციფრულების ჯგუფის წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე მუზეუმების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. NEMO-ს გაციფრულების ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოს სამუზეუმო მემკვიდრეობის მაქსიმალური ინტეგრირება ევროკავშირის ციფრულ დღის წესრიგში და ევროპული მუზეუმების ციფრული შესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე.

ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი უზრუნველყოფს მუზეუმების განუყოფლობას ევროპული ცხოვრების სტილსა და ფასეულობებთან.

ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.