თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე შვიდი უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე შვიდი უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე შვიდი უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა, – ამის შესახებ მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ჯღარკავამ აღნიშნა, ვინაიდან დამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს.

კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მაშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება. და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რაც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება“, – განაცხადა ჯღარკავამ.