თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გერგეთის ქუჩაზე რამდენიმე შენობის დემონტაჟს ახორციელებს
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გერგეთის ქუჩაზე რამდენიმე შენობის დემონტაჟს ახორციელებს

თბილისში, გერგეთის ქუჩაზე, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია რამდენიმე შენობის დემონტაჟს ახორციელებს. აღნიშნული ტერიტორიაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, 58 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ.

მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლები რამდენიმე წლის წინ ააშენეს და წინააღმდეგობა არც ერთი უწყების მხრიდან არ ჰქონიათ, მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები კი, დღეს დილით გამოჩნდნენ ტერიტორიაზე და სახლების დანგრევა ისე დაიწყეს, რომ გაფრთხილებული არ ყოფილან.

ადგილზე რამდენიმე მცირე ინციდენტიც მოხდა, როდესაც ისინი შეეცადნენ, ​სპეცტექნიკისთვის გზა გადაეღობათ.

„58 ოჯახი ცხოვრობს. აქ არის ორი სახელმწიფო შენობა. ერთ-ერთი მათგანი „თბილსერვისის“ ყოფილი შენობაა, რაზეც სასამართლო გაიმართა 14 ნოემბერს. ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის მოხდა ურთიერთშეთანხმება, რომ  ერთ ლარად ან ინვესტორის ჩართვით მომხდარიყო მოსახლეობაზე ამ შენობების გადმოცემა. ჩვენ გვაქვს 14 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი. ამავე დროს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ მიწაზე რამდენიმე შენობა აშენდა, რომელზეც ხალხმა არ იცოდა, რომ უკანონოდ აშენებდა.  მოსული იყვნენ ინსპექციიდან. ჩვენ ვუთხარით, რომ ყველა ადამიანის საბუთს, 14 ნოემბრის სხდომის ოქმს და აუდიოჩანაწერს მოვიტანდით და შეხვედრა დაგვეთქვა და გაგვეანალიზებინა, რომ ცუდი შედეგი არ დამდგარიყო. მთაწმინდის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ ის თავის ხელმძღვანელობასთან შეათანხმებდა და შეხვედრას ჩანიშნავდა. ამით საუბარი დამთავრდა. დღეს მოვიდნენ და დაიწყეს დანგრევა. ამ სახლებში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები, შშმ ბავშვები“, – განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, თამარ აგიაშვილმა.

დატოვე კომენტარი