თბილისის მერმა შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

13:39, 07.08.2026

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთლოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შარტავას ქუჩის N16-ის მიმდებარედ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სამუშაოები ასევე მოიცავს გამწვანების ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება.

„დავიწყეთ კიდევ ერთი სივრცის მოწესრიგება ჟიული შარტავას ქუჩაზე. სამუშაოების ფარგლებში, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება, გათვალისწინებულია ხე-მცენარეების დარგვა, სარწყავი სისტემის მოწესრიგება. დამონტაჟდება განათების ბოძებიც და შეიქმნება სასიამოვნო გარემო დასვენებისთვის. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა რაც არის, მაქსიმალურად მოწესრიგდება და გალამაზდება ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, განახლდება საპარკო ავეჯი, რის შედეგადაც სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და კომფორტულ რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცევა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 600 000 ლარამდეა, 2 100 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.

დედაქალაქის მერთან ერთად პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.

მსგავსი