თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა სახის პროდუქციისა და მედიკამენტების შეგროვება გრძელდება 
თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა სახის პროდუქციისა და მედიკამენტების შეგროვება გრძელდება 

თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, რომელიც ბელიაშვილის N5-ში მდებარეობს, სხვადასხვა კომპანია და კერძო პირები განაგრძობენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად პროცესში ჩაერთო „კოკა კოლა“, „არ ემ ჯი ჯგუფ“, „ევროპროდუქტი“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).

ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა, რომელმაც შემომწირველებს გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„განვაგრძობთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. ამ პროცესში ბევრი ადამიანი გვიერთდება. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო – კომპანიებს „კოკა კოლას“, „არემჯის“ „სემეკს“ და „ევროპროდუქტს“, ასევე, მადლობა თანადგომისთვის რიგით მოქალაქეებს. ლოგისტიკის საკითხი მოგვარებულია. იცით, რომ ომის პირობებში ტვირთის ჩატანა და გადანაწილება რთულია, მაგრამ უკრაინის საელჩოსთან ერთად გადავწყვიტეთ ეს საკითხი. შეგროვებული ნივთები ჩაიტვირთება საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დიდ მანქანებში და მათი საშუალებით გაიგზავნება უკრაინაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ ამოქმედებული ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში შეგროვებული დახმარების გაგზავნის პროცესი 11 მარტიდან დაიწყო.