თბილისის მერიაში ე.წ. ზონალური საბჭო უქმდება
თბილისის მერიაში ე.წ. ზონალური საბჭო უქმდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე მერიაში ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების შესახებ განაცხადა.

ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები მერის პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ.

„მინდა რამდენიმე განცხადება გავაკეთო, პირველი ეს არის ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთან ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამ ინიციატივით მივმართავ შესაბამის ორგანოებს. მოგეხსენებათ, საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა, მე ამასთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ ვისაუბრე, რომელიც რასაკვირველია, აგრეთვე შეეხება ურბანული პოლიტიკის განვითარებასა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნას. ამ პროცესის დასრულებამდე ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ“, – განაცხადა კალაძემ.