თბილისის მერიამ რაგბის საფესტივალო გუნდებს საჩუქრები გადასცა #1TVSPORT
15-წლამდე მორაგბეთა 20 თბილისური გუნდი ახალ წელს ახალი სპორტული შემართებით ხვდება. თბილისის მერიისა და რაგბის კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მათ გრანდიოზული საჩუქრები, მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი თბილისის მერიამ გადასცა.
მსოფლიო რაგბის მიერ შემუშავებულ უკონტაქტო თაგ-რაგბიში ამჟამად 150 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვარჯიშობენ. პროგრამა „ჩაერთე რაგბიში” მთავრობისა და რაგბის კავშირის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და კიდევ 120 სკოლა გამოთქვამს მასში მონაწილეობის სურვილს. ამ პროგრამით, უსაფრთხო რაგბის ილეთებით, გოგონებიც და ბიჭებიც გუნდურობას, სტრატეგიულ აზროვნებას, დისციპლინას სწავლობენ.
„ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ ამ პროგრამაზე. ველით, რომ ათასობით ბავშვი გადაწყვეტს პროფესიულ დონეზე გაჰყვეს ამ სპორტს შემდგომშიც, რაც ქართული რაგბის განვითრების უმთავრესი ფაქტორია. დიდი მადლობა პირადად კახი კალაძეს, ანდრია ბასილაიას და ირაკლი გვილავას, რომლებმაც მერიის სამსახურებთან ერთად დიდი შრომა გასწიეს მომავალი მორაგბეებისთვის წინასაახალწლო სპორტული შემართების შესაქმნელად. ათასობით ბურთი, სხვა პროფესიული ინვენტარი ბავშვებს რაგბის უკეთ შესწავლის საშუალებასაც მისცემს და ამ სპორტისადმი მათ ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს”, – თქვა თორნიკე გოგებაშვილმა, რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც მომავალ მორაგბე გოგონებსა და ბიჭებს კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძისგანაც გადასცა საჩუქრები და მადლობის სიგელები.
გრანდიოზული დასაჩუქრება შევარდენის ბაზაზე გაიმართა, რაგბის კავშირმა ის თბილისის საბავშვო გუნდების ფესტივალს დაამთხვია. დამსწრეთა წინაშე 15 წლამდელ მორაგბეთა 20 გუნდი 4 ასაკობრივ კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილნი და მინდორზე მაღალი სპორტული მომზადება წარმოაჩინეს.