თბილისის მერიამ ახალი პროექტი „თბილისი ჩვენი სახლია“ დაიწყო [ფოტო]
თბილისის მერიამ ახალი პროექტი „თბილისი ჩვენი სახლია“ დაიწყო [ფოტო]

თბილისის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის, სახელწოდებით – „თბილისი ჩვენი სახლია“ ფარგლებში, ფოტოისტორიები იქნება წარმოდგენილი.

ერთ-ერთი პირველი ფოტოისტორია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლისა და მის მცხოვრების, 82 წლის ირინა გინზბურგის შესახებ მოგვითხობს.

„ეს მთაწმინდაა, ყველაზე თბილისური ქუჩებისა და სახლების ადგილი, რომელიც ძალიან ბევრ ნამდვილ თუ ლეგენდად შემორჩენილ ამბავს ინახავს – ზოგს მუდმივად სამზეურზე გამოფენს, ზოგს ივიწყებს, ზოგს კი დამალავს და სხვა ეპოქაში გააცოცხლებს.

ჩვენი ამბავიც ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორიაა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 82 წლის ირინა გინზბურგი თაბუკაშვილის ქუჩის 42 ნომერში 70 წელია ცხოვრობს.

„მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, მისი ოცნება, რომ პირვანდელი სახე დაბრუნებოდა საბჭოთა საქართველოს დროს თვითნებურად გადაღებილ სადარბაზოს, რომლის იაფფასიანი საღებავის შრეების მიღმა ადრეული მხატვრობის ფერწერული კომპოზიცია იმალებოდა, როგორც იქნა ასრულდა.

1889 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი იმდროინდელი ევროპული არქიტექტურის ნიმუშია. ქალბატონი ირინა კი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მემატიანე.

მას ყველაფერი ახსოვს.. ახსოვს ფერადი ვიტრაჟები, კიბის რიკულებიანი მოაჯირები, მოზაიკური იატაკი, მოხატული კედლები და ჭერი – ფერწერული კომპოზიცია „წელიწადის დრონი“… ახსოვს თბილისური ინტელიგენციის სტუმრიანობა, მხიარული საღამოები, ღია ფანჯრები ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარეს და გასტროლებზე მყოფი ცნობილი სოპრანოებისა თუ ბარიტონების ხმის ტემბრი… ახსოვს გაზაფხულის ფერადი სურნელი მთელ ქუჩაზე და ჟრიამული ზამთრის თოვლიან დღეებში.

ახსოვს 1970-იანი წლების ბოლოც, როდესაც აგარაკიდან სახლში დაბრუნებულს, სადარბაზოში „წელიწადის დრონი“ აღარ დახვდა. ფერწერა კედლებზე და ჭერზე სულ გადაღებილი იყო – წაშლილი ერთფეროვანი მძაფრი სუნის საღებავით. ქალბატონ ირინას იმ დროშიც კი არ დაუტოვებია არც ერთი უწყება, სადაც პასუხი არ მოეთხოვა ამ ვანდალიზმზე. „ჩვენ ვასუფთავებთ სადარბაზოებს“ – ყველგან საღებავივით ერთფეროვანი პასუხით დახვდნენ.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმებიც კი, მაგრამ „წელიწადის დრონი“, იაფასიანი საღებავის შრეების მიღმა, ისევ დამალული იყო“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2018 წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობამ სადარბაზოს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.

„კონსერვატორ-რესტავრატორები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ფერწერული კომპოზიციის რესტავრაციაზე – ფრთხილად, ფაქიზად აცლიდნენ საღებავს კედლებს და თვითნებური ფენებიდან ნამდვილ ფერები ჩნდებოდნენ.

წელიწადის ოთხივე დრო პირვანდელი სახით აღდგა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, სადარბაზოს კარს, მოზაიკურ იატაკსა და ლითონის მოაჯირებს.

დღეს ეს ისტორიული სახლი თაბუკაშვილის ქუჩაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესის არეალშია მოქცეული. სადარბაზოში გამოვლენილი ადრეული მხატვრობის ფერწერული კომპოზიციის ნახვისას ისინი გულწრფელ აღტაცებას გამოხატავენ. ქალბატონი ირინა კი ყოველთვის მათი თბილი და სტუმართმოყვარე მასპინძელია.

იყო მთაწმინდელი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა შენი ქალაქის ისტორიისა თუ კულტურის შენარჩუნებისა და მომავალი განვითარების საქმეში“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი