თბილისის მერია – უხვი ნალექის გამო, მერიის სამსახურები, რაიონული გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია

00:32, 15.08.2026

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე დედაქალაქის რაიონული გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.

მათივე ცნობით, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

„დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები. „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები. ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 0322 722222“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი