თბილისის მერია პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგიას შეიყვანს და გამათბობლებს დაამონტაჟებს
თბილისის მერია პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგიას შეიყვანს და გამათბობლებს დაამონტაჟებს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისის მერია კარვებში ელექტროენერგიას და გამათბობლებს დაუმონტაჟებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პირველ არხს განუცხადა, გამათბობლების დამონტაჟება უკვე მიმდინარეობს. სარალიძის თქმით, დღეს აქციაზე თბილისის მერის კახა კალაძის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ადგილზე აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო.

ინფორმაციას ადასტურებს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.

„მე არასდროს არაფერზე მიტრაბახია, სიმართლე უნდა ვთქვა. იქ შუქი იყო, უბრალოდ თვითნებურად, კუსტარულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შეიძლება, პრობლემა წარმოქმნილიყო და შსს-სთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ ის, რომ ელემენტარულად, ექნებათ ელექტროენერგიის წყარო, რათა ადამიანები არ დაზიანდნენ. მხოლოდ ეს იყო, მე მგონი, აქ სატრაბახო არაფერი არ არის“, – განაცხადა „იმედის“ ეთერში კახა კალაძემ.

პარლამენტთან რამდენიმე თვეა, შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.