თბილისის მერია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის - „თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის - „თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია მწერალ გიზო ნიშნიანიძის ქალაქური დოკუმენტური პოემის – „პაემანი ვერაზე“ მიხედვით შექმნილი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის – „თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად, ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. საკონკურსო მასალებს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს და გამარჯვებულს გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება ხორციელდება ფარული წესით.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იდეის ორიგინალურ ხედვას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 9 ნოემბერია.

კონკურსის პირობებთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციის მიღებას თბილისის მერიის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით შეძლებენ.