თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
როგორც მან აღნიშნა, თბილისელებისთvის მიცემული პირობა, რომ რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, აუცილებლად შესრულებული იქნება.
„სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწყებულია მოასფალტება. კერძოდ, ზეთისხილის ხიდან ლაღიძის ქუჩამდე, ასევე, თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის ქუჩამდე. ქვედა ფენებში ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების მოქცევა. იმ პირველ მონაკვეთზე, რომელიც გავხსენით, ჭოველიძისა და ელბაქიძის აღმართამდე არსებულ გზის ნაწილზე, დაწყებულია საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. მზადდება იმისთვის, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა და, რა თქმა უნდა, ეს პირობა შესრულებული იქნება. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე დაიწყება გამწვანების სამუშაოები. მიმდინარეობს ტროტუარის მოპირკეთება, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ძალიან ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც ყველა სამუშაო დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.
