თბილისის მერი კახა კალაძე მუხიანის აგარაკზე მცხოვრებლებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე მუხიანის აგარაკზე მცხოვრებლებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე მუხიანის აგარაკზე მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც აგარაკზე მცხოვრებლები აცხადებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა აქვს, ამასთან, მუხიანის 2-ის დასახლებაში არის კანალიზაციის, წყლის, ტრანსპორტისა და დასახლებაში ნაგვის გადამტანი კონტეინერების არ არსებობის პრობლემა.

კახა კალაძე პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და რაიონის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს, ასევე მერიის შესაბამის სამსახურებს დაავალა, მუხიანი 2-ის დასახლებაში სამუშაოები დროულად დაიწყონ.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ორ დღეში დაიწყება და მომავალ წელს მუხიანის 2-ის დასახლება კაპიტალურად მოწერიგებული იქნება.

„ყველა ვხედავთ პრობლემებს, გარდა ამისა, გვითხრეს, რა აწუხებთ, თვალითაც შესამჩნევია. დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს ამ დასახლებაში. სერიოზული პრობლემაა. არ არსებობს კანალიზაციის სისტემა, გზებზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. გარე განათების პრობლემები აქვთ კონკრეტულ ქუჩებზე და ორ დღეში დავიწყებთ სამუშაოებს. პირველი ეტაპი არის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, სანიაღვრეების მოწერიგება. წყლის კომპანიასთან გვექნება კომუნიკაცია, რადგან მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში არ მიეწოდება წყალი. თუმცა, არსებობს კითხვები, რატომ არ მიეწიდებათ წყალი, რადგან დაახლოებით ერთი-ორი წლის წინ ჩატარდა სამუშაოები. აუცილებლად მოვაგვარებთ ამ პრობლემას და ბოლო ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ. პროექტი დაახლოებით 2-წლიანია. მომავალ წელს კი, კაპიტალურად მოწერიგებული იქნება“, –  განაცხადა კახა კალაძემ.