თბილისის ინფექციური საავადმყოფო ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკას ასევე ორი ახალი ინფიცირებული ჰყავს
თბილისის ინფექციური საავადმყოფო ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკას ასევე ორი ახალი ინფიცირებული ჰყავს

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორივე შემოტანილი შემთხვევაა.

„ასევე ორმა დატოვა ჩვენი ცენტრი და სულ კვლავ 38 პაციენტი მკურნალობს. ჩვენი ცენტრის სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა, ჯერჯერობით კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს, დამატებით პროგრესირება არ ხდება. სტაბილურია უკვე სიტუაცია, ალბათ რამდენიმე დღეში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პროგნოზულად კეთილსაიმედო იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ჟვანიას კლინიკაში დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვევას, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული არასამედიცინო პერსონალია, აქედან გამომდინარე, მისი ინფიცირების წყარო შეიძლება, ჟვანიას კლინიკა არ იყოს.