თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ 24-ე პაციენტს ტესტირებით კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ 24-ე პაციენტს ტესტირებით კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 24-ე პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 18 აგვისტოს შემდეგ მკურნალობდა და 3 სექტემბრის შემდეგ, ტესტირების შედეგად, კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, მძიმე თანმხლები დაავადებების გამო, 70 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„დღეს, დილის რვა საათზე ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 18 აგვისტოს იყო შემოსული. მას ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები იყო. კლინიკაში შემოსვლისთანავე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, გულოზური ემფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რადგან 3 და 4 სექტემბერს პასუხი იყო უარყოფითი, ორჯერადი დატესტვის შედეგ კვლავ გავიმეორეთ 11 სექტემბერს, პასუხი ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და კიდევ მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ერთ-ერთი რაიონიდან იყო“, – განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ენდელაძის თქმით, პროგნოზი კეთილსაიმედოა. რაც შეეხება ქვეყანაში ეპიდსიტუაციას, მარინა ენდელაძის განცხადებით, შემთხვევების მატება გრძელდება, მაგრამ არა დრამატულად. მარინა ენდელაძე ყურადღებას ამახვილებს წესების დაცვის აუცილებლობაზე და ამბობს, რომ სწორედ მოქალაქეებზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში.