თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა [ფოტო]
თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა [ფოტო]

თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო რეინჯერთა პროფესიულ დღეს 2017 წლიდან აღნიშნავს. სააგენტომ, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 100-ზე მეტი რეინჯერი დააჯილდოვა მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.

„მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ მნიშვნელოვან თარიღს – რეინჯერთა მსოფლიო დღეს. კარგია, რომ ჩვენც ვართ ამ საერთაშორისო დღის აღნიშვნის მონაწილენი და ეს ტრადიცია მუდმივად გაგრძელდება. ჩვენ გვყავს გმირი რეინჯერები, რომლებმაც სამსახურებრივ მოვალეობას შესწირეს თავი. სამწუხაროდ, რისკები რეინჯერთა საქმიანობას მუდმივად თან ახლავს, მათ შორის, ბუნებიდან მომდინარე, ტყის ხანძრები. რეინჯერები ყველა ამ გამოწვევას გმირულად უმკლავდებიან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. წელს, მსოფლიოში, ამ დღის აღნიშვნის თემა რეინჯერთა კეთილდღეობაა. 2013 წლიდან, რეინჯერების ეკონომიკური, მატერიალური, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი ზრუნვის საგანია, რაშიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს დონორი ორგანიზაციების დამსახურება, რომლებიც დაცული ტერიტორიების არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ რეინჯერების მატერიალური, სოციალური თუ ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. რეინჯერებს მინდა გისურვოთ უსაფრთხო სამუშაო, გისურვოთ ჯანმრთელობა, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის გამორჩეული ნაწილი დავიცვათ, რაც თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რეინჯერები ძალიან ბევრს აკეთებენ გარემოს დაცვისთვის და შეაქვთ წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

„დღევანელი დღე იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, დაგვეფასებინა და აღგვენიშნა რეინჯერების წვლილი, მათი ძალიან დიდი სამუშაო ბუნების დაცვის მიმართულებით”, -განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 800 ათას ჰექტრამდე ტერიტორიაა. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, სისუფთავის უზრუნველყოფას და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი, გიორგი აბრამიშვილი დასახელდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერს „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადაეცა.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს რეინჯერებზე. ყოველწლიურად უმჯობესდება მათი სამუშაო პირობები, სახელფასო ანაზღაურება ეტაპობრივად იზრდება, რეინჯერები უზრუნველყოფილი არიან საკვები დანამატით, შესაბამისი სადაზღვევო პაკეტებითა და სამუშაო ეკიპირებით. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს დანიშნული აქვთ დახმარება.

რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა.

დატოვე კომენტარი