თბილისის „დინამოს“ ყოფილ მოთამაშეს პრობლემები აქვს - „ახალ წელს დონეცკში აღვნიშნავ“
თბილისის „დინამოს“ ყოფილ მოთამაშეს პრობლემები აქვს - „ახალ წელს დონეცკში აღვნიშნავ“
თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე დმიტრო ივანისენია უსიამოვნო ამბავის გმირი გახდა. მიზეზი რუსეთთან არსებული დაძაბულობის ფონზე მის მიერ ნათქვამი ფრაზა გახდა.
 
25 წლის უკრაინელი ფეხბურთელი, შვებულების დროს, გამოცემა „უა-ფუტბოლს“ ელაპარაკა და ჟურნალისტის ბოლო კითხვაზე, თუ სად აპირებდა ახალი წლის აღნიშვნას, უპასუხა:
„ალბათ, დონეკში წავალთ, სადაც ჩემი მეუღლის მშობლები ცხოვრობენ. დღესასწაულს იქ აღვნიშნავთ“, – ივანისენიამ ვერც გაიაზრა, ამ სიტყვებით რამხელა რისხვას გამოიწვევდა.
ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე, წამყვანმა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა მისი ინტერვიუდან ეს ფრაზა აიტაცეს. მოგეხსენებათ, დონეცკი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქია და იქ იმ ფეხბურთელის ჩასვლა, რომელიც უკრაინის ნაკრების წევრია, კარგ ტონად არ ჩათვალეს.
დმიტრო ივანისენია კრივოი როგის მკვიდრი და დონეცკის „შახტარის“ აღზრდილია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარიუპოლის „ილიჩოვეცში“ თამაშობდა, 2018 წელს კი თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. 2019 წელს ლუგანსკის „ზორიაში“ ჩაირიცხა, რომელიც ამჟამად ზაპოროჟიეში თამაშობს.
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ყურადღება მას სწორედ ლუგანსკის გუნდში გამოსვლის შემდეგ მიაქცია, 2019 წლის 14 ნოემბერს კი ივანისენიამ ესტონეთთან მატჩში უკრაინის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისთვის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა რეალურ პერსპექტივად ჩანდა, მაგრამ ამ ინტერვიუს შემდეგ რა ბედი ელის, უცნობია.