თბილისის „დინამოს“ ტრიუმფიდან 42 წელი გავიდა - დღე, რომელმაც ბევრი გერმანელი მოთამაშის კარიერა შეიწირა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 13 მაისს 42 წელი შესრულდა ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან – 1980-1981 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში მიღწეული წარმატება პირველი და დღემდე ერთადერთი ტიტულია, რომელიც ქართულმა გუნდმა ევროთასებზე მოიპოვა. მაშინ გერმანია ორად იყო გაყოფილი და ფინალი მის დასავლეთ (ფედერაციული რესპუბლიკა) ნაწილში მდებარე ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა.

ქართველმა ფეხბურთელებმა, ფაქტობრივად, გასვლაზე ითამაშეს, რადგან გაყოფილი გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილის (დემოკრატიული რესპუბლიკის) ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ საბაზო გუნდს, იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს.

თბილისის „დინამო“ – იენის „კარლ ცაისი“ 2:1

გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (83), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87)

თბილისის „დინამო“: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი, ზაურ სვანაძე (ნუგზარ კაკილაშვილი), ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია.

მთავარი მწვთნელი: ნოდარ ახალკაცი

კარლ ცაისი: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერდ ბრაუერი, როდიგერ შნუფხაზე, ლოთარ კიურბუვაიტი, ვოლფგან შილინგი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ევერმანი), ანრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბელაუ (ტომას ტეფერი), იურგენ პააბი, ებერჰარდ ფოგელი.

მთავარი მწვთნელი: ჰანს მაიერი

29 წლის წინ ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

ბევრისთვის უცნობია, თუ რა „ჯოჯოხეთი“ გამოიარეს სამშობლოში დაბრუნებისას „კარლ ცაისის“ მოთამაშეებმა – ეს წლების შემდეგ იენელთა კაპიტანმა,o ლოთარ კიურბუვაიტმა გაიხსენა.

„მაშინ გერმანიას კომუნისტი ერიკ ჰონეკერი ხელმძღვანელობდა. თამაშის შემდეგ „შტაზის“ (აღმოსავლეთ გერმანისი უშიშროების სამსახური) თანამშრომლებს სურდათ, გაერკვიათ, ხომ არ მოახდინა ჩვენზე საბჭოთა უშიშროებამ ზეწოლა. სინამდვილეში, ზეწოლა იყო, მაგრამ არა „კა-გე-ბე-ს“, არამედ თბილისის „დინამოს“ მხრიდან, რომელმაც, უბრალოდ, გვაჯობა და წარმატება დაიმსახურა. ამ მარცხმა ბევრი ჩვენგანის კარიერა შეიწირა“, – იხსენებდა ლოთარ კიურბუვაიტი.

ლოთარ კურბიუვაიტმა ევროთასებზე 55 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით „კარლ ცაისის“ ისტორიაში რეკორდსმენია. მან 66-ჯერ მოირგო გდრ-ის ნაკრების მაისური. იყო 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე და 1976 წელს მონრეალის ოლიმპიური თამაშებს ჩემპიონი.