ქუთაისის „ტორპედო“ მძიმე მდგომარეობაშია. ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა, გუნდმა ეროვნული ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს და ეროვნული ლიგიდან დაქვეითების საფრთხის წინაშე დადგეს.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, „ტორპედოს“ მხარდაჭერას მისი პრინციპული მეტოქის, თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ცნობილი გულშემატკივარი, კობა კობაიძე უცხადებს.
„ძალიან ცუდი ფაქტია! თბილისის „დინამოს“ და „ტორპედოს“ გარეშე ეროვნული ჩემპიონატი არაფერია. ეს გუნდი ჩემპიონატს სჭირდება! მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო მტერია, უნდა გადარჩეს. მეტიც, უნდა გაძლიერდეს და ვიომოთ. ამას აქვს მუღამი. ჩემი მხარდაჭერა „ტორპედოს“! ეს გუნდი აუცილებლად უნდა გადარჩეს! ეს ადამიანური სოლიდარობაა, მეტი არაფერი“ – წერს კობა კობაიძე.
ვერაფერს იტყვი – ღირსეული მეტოქის ღირსეული ჟესტია. მიუხედავად ამ გუნდების ტრადიციული დაპირისპირებისა, ისინი ერთმანეთთან ურთიერთობაში ღირსებას არ კარგავენ.