თბილისის „დინამომ“ თურქეთიდან კონგოს ნაკრების მცველი დაიმატა #1TVSPORT
ფრანსის ნზაბა „დინამო თბილისის“ ახალწვეულია. 20 წლის კონგოელი ცენტრალური მცველი საქართველოს ჩემპიონს სტამბოლის „ბაშაკშეჰირიდან“ შეუერთდა.
ფრანსის ნზაბა კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, თბილისელებს ის თურქეთის სუპერლიგის გუნდიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
კონგოელი ფეხბურთელი დაიბადა 2002 წლის 17 ივლისს. პროფესიული კარიერა ბრაზავილის „დიაბლს ნუარში“ დაიწყო 2021-2022 წლების სეზონში, სადაც კონგოს თასის მფლობელი გახდა. 2022 წლის 9 მაისს სამწლიანი კონტრაქტით გადავიდა „ბაშაკშეჰირში“, სადაც ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში კი მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ნზაბა კონგოს ნაკრებში შარშან მიიწვიეს, სადაც 2022 წლის 29 მარტს სიერა ლეონესთან (2:1) ამხანაგური შეხვედრა ითამაშა.
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი კლასი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მივესალმები „დინამოს“ გულშემატკივრებს – თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო“, – განაცხადა „დინამოში“ გადმოსვლის შემდეგ გუნდის ახალწვეულმა.
კონგოელი ცენტრალური მცველი „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება და გუნდთან ერთად 2023 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.