თბილისის „დინამო“ „ფეიენოორდს“ თბილისში, „დინამო-არენაზე“ 15 აგვისტოს უმასპინძლებს. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად „დინამოს“ ხუთი დღე აქვს. ამის შესახებ თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო.
„გაცნობებთ, რომ თბილისის „დინამომ“ უეფა-დან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც „ფეიენოორდთან“ თბილისში, საპასუხო შეხვედრის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას გულისხმობს. „დინამოს“ გასაჩივრებისთვის აქვს ხუთი დღე და რა თქმა უნდა, გუნდი გაასაჩივრებს. ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, დეტალებს კი აუცილებლად გაცნობებთ“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ფეიენოორდთან“ პირველი მატჩის დღეს გახდა ცნობილი, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის „დინამო“ დასაჯა და გუნდი როტერდამის „ფეიენოორდთან“ განმეორებით შეხვედრას 15 აგვისტოს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს. უეფა-მ „დინამო“ ფინანსურადაც დასაჯა – თბილისური კლუბი” 50 000 ევროს გადაიხდის. ასევე, კლუბს დაევალა, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #equalgame.