თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და ეროვნული ლიგის ფინიშზე მოპოვებული ამ მნიშვნელოვანი სამი ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.
75-ე ქართული „კლასიკოთი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური დასრულდა. პრინციპული მეტოქეების შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ მისი ყოფილი ფეხბურთელების კარგი თამაშის ხარჯზე აჯობა. ანგარიში მე-20 წუთზე ლევან კუტალიას გოლით გაიხსნა. მანვე 34-ე წუთზე გიორგი კუხიანიძის პასით დუბლი შეასრულა, გიორგი კიკნაძემ კი შეხვედრს ბოლოს (90+5 წუთი) სხვაობა შეამცირა და საბოლოოდ, 2:1 „დინამოს“ სასარგებლოდ.
თბილისურმა გუნდმა 66 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (64 ქულა) გააასწრო და გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე პირველ ადგილზე დაწინაურდა. ქუთაისის „ტორპედო“ კი, რომელიც სულ რაღაც სამი ტურის წინ ევროსაგზურისთვის იბრძოდა, ახლა 40 ქულით მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა და მხოლოდ მცირედით უწრებს „სიონსა“ (მე-8 ადგილი, 38 ქულა) და „რუსთავს“ (მე-9 ადგილი, 37 ქულა).
რაც შეეხება ბომბარდირთა დავას: ლევან კუტალიამ 19 გოლი დააგროვა და საუკეთესო მეგოლეებში სამი გოლით გაასწრო ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელს, ჯოვინო ფლამარიონს.