თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან მატჩს დანაკლისით ხვდება (ფოტო)
თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩისთვის ემზადება. რეზო ჩომახიძის გუნდი ხვალ „ოლიმპიკის“ აუზზე გათამაშების მოქმედ ჩემპიონს – ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისის „დინამომ“ ღია ვარჯიში გამართა.
როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, ქართული კლუბი ხვალინდელ მატჩს დანაკლისით ხვდება. „დინამოს“ რიგებში „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ შეხვედრას ტრავმის გამო კლუბის იტალიელი ლეგიონერი ფაბიო ბარალდი და ბექა ქავთარაძე გამოტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“ სამი მოგება, თბილისის „დინამოს“ კი სამი წაგება აქვს.
აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული და ევროპული წყალბურთის გრანდია. აღნიშნული კლუბი ასევე უნგრეთის 23-გზის ჩემპიონი და 18-გზის თასის მფლობელია.
თბილისის „დინამოსა“ და ბუდაპეშტის „ფერენცვაროშის“ მატჩი ოლიმპიკის აუზზე ხვალ, 9 ნოემბერს 18 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
რეზო ჩომახიძე – თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი
„ხვალ კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს ჩვენს გუნდს. „ფერენცვაროში“ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და შეიძლება ითქვას, მსოფლიოში უძლიერესი გუნდიც. ჩვენი საკუთარი გეგმა გვაქვს ამ თამაშზე და ვეცდებით, მივყვეთ მას. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ გამოვცადოთ თავი უძლიერეს მეტოქესთან“.
ზოლტ ვარგა – „ფერენცვაროშის“ მთავარი მწვრთნელი
„როდესაც საშინაო მატჩი აქვს თბილისის „დინამოს“, აქ გულშემატკივარი შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის. აქედან გამომდინარე, „დინამო თბილისი“ შინ ბევრად კარგად გამოიყურება.
ამ თამაშს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, ჩვენი მიზანი კი გამარჯვების მოპოვებაა“.