ჯერ მხოლოდ 3 000 - „დინამო თბილისი“ აზერბაიჯანული „გაბალას“ წინააღმდეგ განმეორებითი მატჩისთვის ემზადება (ფოტო)
ჯერ მხოლოდ 3 000 - „დინამო თბილისი“ აზერბაიჯანული „გაბალას“ წინააღმდეგ განმეორებითი მატჩისთვის ემზადება (ფოტო)

ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისმა“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ დაპირისპირებამდე დასკვნითი ვარჯიში გამართა.

ფელის ვისენტეს და ჩისკო მუნიოსის ხელმძღვანელობით ყველა ფეხბურთელი ტრავმის გარეშე ემზადება. თბილისელებმა მატჩის წინა დღეს მსუბუქად ივარჯიშეს. ოფიციალური ცნობით, ამ ეტაპზე გაყიდულია 3 000 ბილეთი. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

აზერბაიჯანში გამართული პირველი შეხვედრა „დინამოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველ შეხვედრაში თავი კუტალიამ და დაფემ გამოიჩინეს. ორივე მათგანი განმეორებითი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაშია და გოლების გატანას ხვალაც შეეცდება.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, „დინამო თბილისის“ მეტოქე ჰოლანდიური „ფეინოორდი“ იქნება. გაცოცხლდება თუ არა 1981 წლის ისტორია და კვლავ შეხვდება თუ არა ეს ორი გუნდი ერთმანეთს, ხვალ 21:00 საათიდან „დინამო არენაზე“ მისული გულშემატკივარი საკუთარი თვალით ნახავს. რაც შეეხება იმ ქომაგებს, რომლებიც სტადიონზე მისვლას ვერ მოახერხებენ, მათ მატჩის ხილვის საშუალება საქართველოს პირველი არხის საშუალებით ექნებათ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიის წინაშე წარსდგა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა თბილისელთა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა. მასთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა გიორგი პაპავამაც:

ჩისკო მუნიოსი: „ხვალ რთული თამაში გველოდება. „გაბალა“ კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით, თუმცა ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ამ შეხვედრაზე და ბუნებრივია, რომ მოედანზე მოსაგებად გავალთ. განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ვგეგმავთ, არც ტაქტიკის შეცვლას“.

გიორგი პაპავა: „ყველა გუნდს მიაჩნია, რომ ძლიერია და მოგება შეუძლია. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ მგონია, რომ პირველ მატჩში ვაჯობეთ და მოვიგეთ. შეიძლებოდა გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც, მაგრამ არ გაგვიმართლა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მოდუნების უფლება არ გვაქვს და ხვალაც იგივე შედეგის გამეორებას ვეცდებით“.