თბილისის ბაგა-ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება
თბილისის ბაგა-ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება

თბილისის ყველა ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, მომავალ კვირაში 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება, თუმცა ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.

მისი თქმით, სააგენტომ უსაფრთხოების ღონისძიებები გასულ წლებშიც გაატარა.

„თბილისის ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაღებს ჩვენი მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. ამასთანავე, პროცესში ჩართულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ, ასევე მოვაწესრიგეთ რამდენიმე ბაღი“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შემოწმების მიზნით სააგენტომ გასულ კვირაში კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მიმართა.

„კიდევ ერთხელ, წინა კვირაში მივმართეთ „ყაზტრანსგაზს“ შემოწმებისთვის და კვლავ შემოწმდება ყველა ბაღი, როგორც „ყაზტრანსგაზის“, ასევე ჩვენი განყოფილების მიერ. ვთხოვეთ კომპანიას, თითოეული მოწყობილობისა და მილების შემოწმების ტემპი დააჩქარონ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

ამასთან, გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. შემოწმება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ჩაატარა და სააგენტოს რეკომენდაციები მისცა.